სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადება აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალთან დაკავშირებით

საქართველოს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენის პროცესი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის სრული მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული სამოქალაქო სექტორის მხრიდან. 
საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ "ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის აღდგენისაკენ, იმ მოსახლეობის რომელიც ამჟამად გამყოფი ხაზებითაა დაშორიშორებული და ომის შედეგად დაზარალებული, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საქმეში. საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს რა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მატარებელია, მიაჩნია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შერიგება შესაძლოა მშვიდობიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და ამ ადამიანების მიმდინარე პროცესებში ჩართვის გზით".
აღნიშნულთან სრულ შეუსაბამობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟი. მსგავსი ქმედებები ვერ შეუწყობს ხელს ნდობის აღდგენის პროცესს და საფრთხის ქვეშ აყენებს ამ მიმართულებით გაღებულ ძალისხმევას სახელმწიფოს, საერთაშორისო თანამეგობრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად ორივე საზოგადოებამ აუნაზღაურებელი ტრაგედია განიცადა, პირველ რიგში ათასობით დაღუპული ადამიანის გამო. დაღუპულთა მემორიალის საწინააღმდეგო ქმედებები, თუნდაც ეს მემორიალი საქართველოს მხრიდან არაღიარებულ სიმბოლიკას შეიცავდეს, გამართლებული ნაბიჯი ვერ იქნება. მიგვაჩნია, რომ ქართულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მემორიალი აღდგეს, რითაც ხაზი გაესმევა კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ პატივისცემას განურჩევლად ეროვნებისა და შეხედულებებისა. 
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მხარს ვუჭერთ წარმოქმნილი პრობლემის სწორედ ასეთი გზით გადაწყვეტას.

განცხადების ხელმომწერები:

სამოქალაქო ფორუმი;
კოალიცია დევნითა უფლებებისთვის;
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;
მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი;
სტუდია რე;
მშვიდობის განვითარების ცენტრი;
მეწარმე ქალთა ფონდი;
საქართველოს ოსთა ასოციაცია „ირონი“;
კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი";
მარინა ელბაქიძე